ნაღველკენჭოვანი დაავადება
ქოლელითიაზი – ასე ჰქვია პათოლოგიას, რომელსაც უფრო ნაღველკენჭოვანი დაავადების სახელით იცნობენ და რომელიც, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, უმოწყალოდ გვესხმის თავს.
უკეთ რომ გავიგოთ, რას გვერჩიან უადგილო ადგილას დაგროვილი ქვები, მოდით, სანაღვლე გზების აგებულება, ნაღვლის შემადგენლობა და თავად კენჭების სტრუქტურა განვიხილოთ.
სანაღვლე გზების საშუალებით ნაღველი ღვიძლიდან წვრილი ნაწლავისკენ მიემართება. სანამ დანიშნულების ადგილამდე მიაღწევდეს, ჯერ ნაღვლის ბუშტში – მსხლის ფორმის ღრუ ორგანოში – ხვდება, სადაც გროვდება და კონცენტრირდება, აქედან ნაღვლის საერთო სადინარში გადადის და საბოლოოდ წვრილ ნაწლავში ჩაედინება, სადაც იხსნება კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) სადინარიც.
ნაღველი მუქი ყავისფერი სითხეა, რომელიც ღვიძლში გამომუშავდება, სანაღვლე გზების წყალობით წვრილ ნაწლავამდე მიდის და საჭმლის მონელებაში მონაწილეობს. მისი შემადგენლობა ასეთია: წყალი, ქოლესტეროლი (ქოლესტერინი), ლიპიდები (ცხიმები), ნაღვლის მჟავას მარილები და პიგმენტი ბილირუბინი.
ქოლესტეროლი ნივთიერებაა, რომელიც ორგანიზმში საკვების მეშვეობითაც ხვდება და ღვიძლშიც გამომუშავდება. მისგან სინთეზირდება ზოგიერთი ჰორმონი, D ვიტამინის წინამორბედი და ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლო სხვა ნივთიერებანი. ბილირუბინი ერითროციტების დაშლის შედეგად წარმოიქმნება და როგორც პიგმენტი, ნაღველს მოყავისფრო შეფერილობას სძენს. კონკრემენტები (ასე უწოდებენ სანაღვლე გზებში მოკალათებულ ქვებსა თუ კენჭებს) უპირატესად სწორედ ამ ორ კომპონენტს შეიცავს, ამიტომაც უმთავრესად ორნაირია: ქოლესტერინისა და პიგმენტური.
ქოლესტერინის კენჭები მეტწილად თეთრი ან ღია ყვითელია. მათი უმეტესობა (80%) ქოლესტეროლს შეიცავს. პიგმენტური ქვები, ჩვეულებრივ, მუქი ფერისაა, შეიცავს ბილირუბინსა და კალციუმს და ასიდან 20 შემთხვევაში იჩენს თავს. კონკრემენტების ზომა მეტად ცვალებადია: უწვრილესი მრავლობითი კენჭიდან (მათ ქვიშასაც უწოდებენ) დაწყებული, კვერცხის ოდენა ქვების ჩათვლით.
საიდან მოდიან ქვები
ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარებაში რამდენიმე ფაქტორია დამნაშავე, რომელთაგან, უწინარეს ყოვლისა, აღსანიშნავია ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მემკვიდრეობითი ხასიათი, ჭარბი წონა, ნაღვლის ბუშტის დაცლის შეფერხება, არასწორი დიეტა.
ქოლესტერინული ქვების წარმოქმნა ძირითადად ნაღველში მისი მოჭარბებული შემცველობით ან ნაღვლის ბუშტში ნაღვლის შეგუბებით გახლავთ განპირობებული. ეს გასაგებიცაა: როდესაც ნაღველი ბუშტში ყოვნდება, მისი კომპონენტები (მაგალითად, ქოლესტეროლი) კონცენტრირდება, ილექება და წარმოქმნის კრისტალებს, რომლებიც კენჭების ერთგვარი წინაპრები ბრძანდებიან. სწორედ ასეთი ცვლილებები (ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა, ნაღვლის ბუშტის დაცლის შეფერხება) აღინიშნება ჭარბი წონის შემთხვევაში. თუმცა ნაკლები საფრთხე არც მკაცრი დიეტის მოყვარულებს ელით. ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩალაგება ყველაზე მეტად მათ ემუქრებათ, ვისაც წონაში სწრაფად დაკლება განუზრახავს. მკაცრი დიეტის დროს ნივთიერებათა ცვლა საგრძნობლად ირღვევა, რაც ქვების წარმოქმნას განაპირობებს. გარდა წონის თამაშისა, ქვების წარმოქმნას ჰორმონული ცვლილებებიც იწვევს. ეს, პირველ რიგში, ესტროგენის დონის მომატების ბრალია, რაც ორსულობის, ჰორმონული თერაპიისა და ზოგიერთი კონტრაცეპტივის გამოყენებისას ხდება.
რაც შეეხება პიგმენტურ ქვებს, ისინი ნაღველში ბილირუბინის სიჭარბის გამო წარმოიქმნება, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია სანაღვლე გზების ანთებით, ღვიძლის ციროზითა და თანდაყოლილი ანემიის ზოგიერთი ფორმით. ასე რომ, ნაღველკენჭოვანი დაავადება უპირატესად ემუქრებათ:
- 20-დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებს (ზოგიერთი გამოკვლევით, ქოლელითიაზის საყვარელი ასაკი 40 წელია). სუსტი სქესის წარმომადგენლებს შორის დაავადება თურმე ორჯერ უფრო ხშირად იჩენს თავს. მამაკაცებს კი ნაღველკენჭოვანი პათოლოგია უფრო მეტად 60 წლის შემდეგ ემართებათ.
- ორსულებს და ქალებს, რომლებიც საკუთარი შეხედულებისამებრ, ექიმის კონსულტაციის გარეშე იღებენ ესტროგენებს ან ორალურ კონტრაცეპტივებს;
- ჭარბწონიანებს და მათ, ვინც წონის სწრაფად დაკლების მიზნით, ფაქტობრივად, შიმშილობს. ხშირად – მათაც, ვინც უპირატესობას ცხიმიან საკვებს ანიჭებს და იშვიათად გეახლებათ მცენარეული უჯრედისის შემცველ პროდუქტებს;
- მათ, ვისაც მემკვიდრეობით აღენიშნება ეს პათოლოგია;
- მათ, ვისაც შაქრიანი დიაბეტი, მუკოვისციდოზი, სანაღვლე გზების დისკინეზია ან ზოგიერთი სხვა დაავადება აქვთ.
ზოგიერთი გამოკვლევის ავტორებმა ნაღველკენჭოვანი დაავადება ლამის ზოგიერთი ერის კუთვნილებად აქციეს: ნაღვლის ბუშტში ქვების ჩალაგება უპირატესად მკვიდრ ამერიკელებს (ინდიელებს), მექსიკელებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, კავკასიელებს ემუქრებათო.
Комментариев нет:
Отправить комментарий